“თუ საგზაო შემთხვევა დაგვემართება და რესურსი არ გვექნება, ადამიანებს ვუმკურნალოთ, ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში ადამიანებს არ ვწირავთ” – ირაკლი იზორია
“ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთქვათ, თუ საგზაო შემთხვევა დაგვემართება და იმის რესურსი არ გვექნება, რომ ადამიანებს ვუმკურნალოთ, ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს არ ვწირავთ”, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იზორიამ სატრანსპორტო სფეროში დაგეგმილი რეგულაცია შეაფასა, რომელიც „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტითაა გათვალისწინებული.
“სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე დაახლოებით 10 წელია, რაც მუშაობა მიდის. გარკვეული პროექტები შეიქმნა, თუმცა, შუა გზაზე ჩერდებოდა, საბოლოოდ მიღებული არ იყო. ასოცირების შეთანხმება იმ დირექტივებს ითვალისწინებს, რომელიც აუცილებელია, საქართველოში იყოს იმპლიმენტირებული. ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღევა არ არსებობს. საქართველო გამონაკლისს წარმოადგენდა. ეს, რა თქმა უნდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხითაც ძალიან ცუდი იყო. როდესაც საგზაო შემთხვევები ხდება, ხშირ შემთხვევაში მონაწილეები ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები არიან, სადაზღვევო კომპანიების მიერ საგზაო შემთხვევების დროს ანაზღაურება არ ხდებოდა, ძალიან ბევრი ინციდენტი იყო, ხშირად ბრალეული მხარე ვერ მტკიცდებოდა. ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი მოგვარებული იყოს. იმის გამო, რომ მძღოლს თანხა არ აქვს, მკურნალობის ხარჯები გადაიხადოს, ვიღაც არ უნდა კვდებოდეს და ზიანდებოდეს. ამიტომ, ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დააზღვიოს.
ეს ასევე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემასაც შეუწყობს ხელს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ვიცით, რომ ჯანდაცვის სისტემის მიერ მკურნალობაზე გამოყოფილი თანხები ლიმიტირებულია. თუ მოქალაქე ვერ ახერხებდა, მკურნალობა თავის სახსრებით გაეგრძელებინა, ძალიან სავალალო შედეგებამდე მივდიოდით. დაზღვევის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება, რომ ამ ადამიანებს ყურადღება ბოლომდე მიაქციონ. ეს ინიციატივა კარგია, თუმცა, აქვე მინდა დავამატო, რომ კანონპროექტი ჯერ შეტანილი არაა, როცა მთავრობა საშემოდგომო სესიებზე დააყენებს და ოფიცილურად იქნება გაგზავნილი, ამ პროცესს სამოქალაქო ორგანიზაციები დავაკვირდებით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვნახოთ, კონკრეტულად რას ითვალისწინებს კანონპროექტი, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება როგორ იქნება უზრუნველყოფილი.
რომ შევაჯამოთ: ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთქვათ, თუ საგზაო შემთხვევა დაგვემართება და იმის რესურსი არ გვექნება, რომ ადამიანებს ვუმკურნალოთ, ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს არ ვწირავთ. ვფიქრობ, სადაზღვევო პრემია ძალიან დიდი არ იქნება”, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.
ცნობისთვის, „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საშემოდგომო სესიისთვისაა გათვალისწინებული.
” საქართველოში დინამიკურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი დაუცველი – ბავშვები, მოხუცები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად სამუდამო ტრავმებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით სრულდება არამარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა; ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლის და ჯანდაცვის სისტემისთვის. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით. ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს.
სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატული საშუალების ეფექტიანი ფუნქციონირება. კანონპროექტი უკავშირდება – 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC დირექტივას, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და მოცემულ პასუხისმგებლობასთან მიმართებით ამ ვალდებულების შესრულებას”, – წერია დოკუმენტში.
თამუნა შეყილაძე