“სევასტოპოლამდე მთელ გზაზე Starlink-ს ვერ გავააქტიურებდით” – მასკი რუსული ფლოტის ჩაძირვაში ხელშეშლის ინფორმაციას გამოეხმაურა
SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ გასულ წელს ყირიმის სანაპიროსთან Starlink-ის თანამგზავრები გათიშა, რათა არ მომხდარიყო უკრაინელი სამხედროების მიერ რუსულ ფლოტზე თავდასხმა.
მასკის თქმით, მას Starlink-ზე წვდომა უკრაინული არმიისთვის არ შეუზღუდავს, რადგან ანექსირებულ ყირიმთან ის არც ყოფილა გააქტიურებული.
„Starlink-ის დაფარვა იმ რეგიონებში, რომლებზეც მიდის საუბარი, არ ყოფილა გააქტიურებული. SpaceX-ს არაფერი გაუთიშია“, – დაწერა მასკმა X-ზე (Twitter).
ბიზნესმენმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მას საგანგებო მოთხოვნა გაუგზავნა Starlink-ის გააქტიურების შესახებ „სევასტოპოლამდე მთელ მანძილზე“, მაგრამ ამაზე უარი თქვა.
„ცხადია, მიზანი იყო რუსული ფლოტის დიდი ნაწილის ჩაძირვა. მათ მოთხოვნას რომ დავთანხმებულიყავი, SpaceX ჩართული იქნებოდა უმსხვილეს სამხედრო ქმედებასა და კონფლიქტის ესკალაციაში“, – თქვა მასკმა.
CNN-მა 7 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასკმა ფარულად გასცა ბრძანება 2022 წელს ყირიმის სანაპიროსთან Starlink-ის თანამგზავრების გათიშვის შესახებ, რათა თავიდან აეცილებინა უკრაინის არმიის მიერ რუსეთის საზღვაო ფლოტზე თავდასხმა. როდესაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული უკრაინული წყალქვეშა დრონები ყირიმს მიუახლოვდნენ, მათთან კონტაქტი დაიკარგა და ისინი სანაპიროზე იყვნენ გარიყულნი, ზიანის მიყენების გარეშე.