“ლიეტუვის რკინიგზას” უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილე, რუსეთის მინისტრის მეუღლის ტვირთი 2022 წელს გადაჰქონდა – გამოძიება
ლიეტუვის სახელმწიფო კომპანია Lietuvos gelezinkeliai (“ლიეტუვის რკინიგზა”) 2022 წლის შუა პერიოდამდე რუსეთის საგანგებო სიტუაციების საქმეთა მინისტრ ალექსანდრე კურენკოვის მეუღლის – ელენა მილსკაიას ბიზნეს ტვირთს ატარებდა. მილსკაია უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილედ არის მიჩნეული.
ამის შესახებ LRT-ს ჟურნალისტების გამოძიებაშია ნათქვამი.
გამოძიების ინფორმაციით, მილსკაისთან კავშირში მყოფ, კალინინგრადის კომპანია Balt-Magistral-ს, გასული წლის ბოლომდე ჰქონდა ხელშეკრულება Lietuvos gelezinkeliai ჯგუფის წევრ LTG Cargo-სთან.
ჟურნალისტების ცნობით, Lietuvos gelezinkeliai-მ გაწეული მომსახურებისთვის 11,5 მილიონი ევრო მიიღო, ტვირთის გადაზიდვა კი 2022 წლის 19 ივლისამდე მიმდინარეობდა.
ჟურნალისტების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ კორენკოვსა და მილსკაიას ქორწინების შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, კორენკოვი კი მინისტრი გასული წლის მაისში გახდა, ხოლო ევროკავშირის სანქციების სიას დეკემბერში შეემატა, შესაძლოა, “ლიეტუვის რკინიგზისთვის” არ ყოფილიყო ცნობილი რუსეთის პრეზიდენტთან მათი კლიენტების კავშირების შესახებ.
Lietuvos gelezinkeliai-ში თქვეს, რომ 2022 წლის ბოლოს მათ შეწყვიტეს კონტრაქტი Balt-Magistral-თან, მაშინ როცა ტვირთის უმეტესი ნაწილი რუსეთის ფედერაციის ძირითად ნაწილსა და კალინინგრადის რეგიონს შორის ტრანზიტით გადიოდა.
პირველი ექვსი თვის განმავლობაში გადაზიდულია 110 ათასი ტონა ტვირთი – ძირითადად, ცემენტი, ქიმიური მრეწველობის ცალკეული ტვირთები, კერამიკა, ნავთობპროდუქტები.
რუსული გამოცემის – Proekt-ის გამოძიების თანახმად, მილსკაია უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში 2014 წლიდან. იმ დროს ბავშვთა სახლებიდან აღსაზრდელები დონეცკიდან გაიყვანეს, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო 2022 წლის ოქტომბერში მილსკაიას ცენტრის “მოხალისეებმა” მონაწილეობა მიიღეს ხერსონის რეგიონიდან ბავშვების გაყვანაში.