“სომხეთსა და აშშ-ს შორის წვრთნების ჩატარება რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციას არ უწყობს ხელს” – კრემლი
სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის წვრთნების ჩატარება რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციას და ურთიერთნდობის განმტკიცებას არ უწყობს ხელს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთი წვრთნების ჩატარება არ უწყობს ხელს სიტუაციის სტაბილიზაციას. ეს პირველი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ უწყობს ხელს რეგიონში, ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაძლიერებას. რუსეთი, როგორც უსაფრთხოების გარანტი, აგრძელებს ფუნქციების შესრულებას, რუსეთი აგრძელებს სკრუპულოზურ და თანმიმდევრულ კონსტრუქციულ მუშაობას, როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან“, – განაცხადა პესკოვმა.
6 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ სომეხი სამშვიდობოები შეერთებული შტატების ქვედანაყოფებთან ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.
როგორც სომხეთს თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, წვრთნების მიზანია ქვედანაყოფების თავსებადობის გაზრდა, სამეთაურო-კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციების სფეროში გამოცდილების გაცვლა და ნატოს ფარგლებში შესაფასებელი ოპერაციებისთვის სომხური ქვედანაყოფების მზადყოფნის გაზრდა.