უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიის იერიში გვიან ღამით გაგრძელდა.
დრონებია დაფიქსირებული მოსკოვის რეგიონში, ასევე, როსტოვში – სადაც აპარატის ჩამოვარდნა დაფიქსირდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა თქვა, რომ ორი დრონია ჩამოგდებული საჰაერო თავდაცვის სისტემებით, “ერთი ჩამოვარდა ქალაქგარეთ როსტოვის დასავლეთ ნაწილში, მეორე – ცენტრში, პუშკინსკაიას ქუჩის მახლობლად, 42 ნომერში”.
მისი განმარტებით, ეს სახლი ზუსტად სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის მოპირდაპირედ მდებარეობს.
გუბერნატორის ინფორმაციით, ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე მანქანა დაზიანდა, დაშავდა ერთი ადამიანი, თუმცა, მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. მოგვიანებით, გოლუბევმა დააზუსტა, რომ სამ შენობაში დაზიანებულია ფასადები და ჩამტვრეულია ფანჯრები.
პუშკინსკაიას ქუჩის სამი სახლიდან 99 მობინადრე გამოიყვანეს.
მეორე დრონი ქალაქის დასავლეთ ნაწილში არასაცხოვრებელ ახალ სახლზე ჩამოვარდა, მსხვერპლი არ არის.
რაც შეეხება დრონების თავდასხმა მოსკოვის ოლქზე, როგორც მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა თქვა, ერთი დრონია ჩამოგდებული რამენსკოეში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ხუთ ბინაში მინები ჩაიმსხვრა და ოთხი მანქანა დაზიანდა.
ჩამოგდებულია დრონი ასევე ბრიანსკში.