“უკრაინაში მშვიდობის პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სოჭიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში განუცხადა.

“უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია ცალსახაა. პირველივე დღიდან ჩვენ მშვიდობის, დიალოგისა და დიპლომატიის მომხრე ვიყავით. ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ შემდგომი სისხლისღვრის აღსაკვეთად. არ ვამწვავებდით პრობლემას და ცეცხლზე ნავთს არ ვასხამდით, ვცდილობდით – ორივე მხარის შეხვედრისთვის მიგვეღწია.​ სამწუხაროდ, ომი, რომელიც 1,5 წელია – გრძელდება, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჰორიზონტზე მშვიდობის პერსპექტივა არ ჩანს“, – თქვა თურქეთის ლიდერმა.

მისი თქმით, “ომში გამარჯვებულები არ არიან, მშვიდობაში კი დამარცხებულები არ არიან”.

„მზად ვართ, მხარეების მიერ ასეთი სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ შუამავლის როლს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ტყვეების გაცვლა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი, რომელიც საზიანოა ჩვენი ორი მეზობლისა და ჩვენი რეგიონისთვის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო კანონმდებლობაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები