“რეზნიკოვი პასუხისმგებელია როგორც მინსკის, ასევე – სტამბოლის მოლაპარაკებების ჩაშლაზე” – რუსეთის საგარეო უწყება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გადადგომა არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა, როდიონ მიროშნიკმა განაცხადა.

“რეზნიკოვი პასუხისმგებელია როგორც მინსკის და სტამბოლის მოლაპარაკებების ჩაშლაზე, ასევე, იმ ქმედებებზე, რამაც გამოიწვია კიევის მიერ ომის აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება, განურჩეველი თავდასხმები მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებსა და ობიექტებზე, რაც კიევის რეჟიმმა შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო ნორმების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესების დარღვევით განახორციელა“, – განაცხადა მიროშნიკმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობაზე გააგრძელებს რეზნიკოვი კარიერას, მისი ქმედება იქნება გამოძიების საგანი.

“მისი ქმედებები დაფიქსირებულია და არის გამოძიების საგანი, რომლის შედეგიც კანონიერი და სამართლიანი სასჯელი იქნება“, – დასძინა მიროშნიკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები