საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მორიგი ტრენინგი უტარდებათ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტრენერთა ტრენინგის ახალი ციკლი დაიწყო.
ცესკოს ინფორმაციით, ამჯერად სწავლებას ადმინისტრაციის ის თანამშრომლები გადიან, რომლებიც ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო – საგანმანათლებლო კამპანიებში აქტიურად იქნებიან ჩართულნი.
ტრენინგი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო ტექნოლოგიების და არჩევნების მოდერნიზების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ღონღაძემ. 3 დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას. ისინი დეტალურად გაეცნობიან საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას და ამასთან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას, როგორებიცაა ამომრჩეველთა მონაწილეობის ფორმები, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა. ტრენინგი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ჩართულობითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სწავლება გუდაურში 30 აგვისტოს დაიწყო და პირველ სექტემბერს დასრულდება.