ოთარ შამუგია – „სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს და საჭიროების შესაბამისად გავაგრძელებთ შემდგომ მხარდაჭერას“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.
„თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, რომლის ექსპორტის 70%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. წლების წინ, ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, თუმცა შემდგომ დავიწყეთ პროგრამა და სახელმწიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს ამ მავნებელთან საბრძოლველად. თუმცა, ეს საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია თვითონ ფერმერების მიერ მათი ბაღების მოვლა. ჩვენ 2021 წელს გვქონდა კარგი მოსავალი, დაახლოებით 46 ათასი ტონა, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელიც კარგი იყო და ხარისხიც უკეთესი, თუმცა, 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელთა შორის იყო კლიმატური პირობებიც, მოვლა ვერ მოხერხდა და მოსავალიც არ იყო კარგი. ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი და ჩვენი ფერმერები საჭიროებდნენ ამ მიმართულებით მხარდაჭერას და შევიმუშავეთ მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა, სწორედ ევროკავშირში არის პირდაპირი გადახდების სისტემა, რომელზე დაფუძნებითაც შევიმუშავეთ პროგრამა და მიზანმიმართულად ფერმერებს ვეხმარებოდით მოვლის საშუალებების შეძენაში.
მცირე ფერმერებს, ვისაც 3 ჰექტრამდე ფართობის თხილის ბაღები აქვთ, ჩვენ მივეცით ეს დახმარება. ძალიან მოკლე დროში შევძელით კადასტრის გაკეთება, რომელმაც მოგვცა საშუალება იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა მეთხილე ფერმერების და მათთვის ეს დახმარება მიგვეცა. მნიშვნელოვანია, შესაბამისი წამლობების განხორციელება, რათა ფერმერმა უკეთესი ხარისხის მოსავალი მიიღოს. ვინც მოუარა სწორად იმას აქვს კარგი მოსავალი, როცა გაქვს ხარისხიანი მოსავალი იმის ფასი უკეთესია. სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს და საჭიროების შესაბამისად გავაგრძელებთ შემდგომ მხარდაჭერას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.