“საქართველოს ტერიტორიაზე “ოკუპირებული ტერიტორიების” თემაა გააქტიურებული” – ცხინვალი და მოსკოვი მედიასივრცეში თანამშრომლობას გაააქტიურებენ

ცხინვალში მრგვალი მაგიდა გაიმართა – “რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წელი. ომი 08.08.08 – სპეციალური სამხედრო ოპერაცია: ანალოგიები მედია ომების მეთოდებში”, რომელზეც რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედიას შორის საინფორმაციო თანამშრომლობა განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, პოლიტოლოგი იური ვაზაგოვი; დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ალან თიბილოვი; ინფორმაციისა და პრესის კომიტეტის თავმჯდომარე, მარია კოტაევა; რუსეთის მაუწყებლის რეგიონალური ხელმძღვანელი, რიფატ საბიტოვი; რუსეთის მასმედიის და მასობრივი კომუნიკაციების განვითარების კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მალკევიჩი და რუსეთის მაუწყებლის ფილიალის დირექტორი, თემურ კუსოვი.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა თქვა, რომ “საქართველოს ტერიტორიაზე არის ქართული და დასავლური რესურსების გააქტიურება, რომლებიც ძალიან მჭიდროდ მუშაობენ თემაზე “ოკუპირებული ტერიტორიები“.

„იმ ფონზე, რაც ხდება, რუსული და სამხრეთ ოსური რესურსები უნდა გააქტიურდნენ და გასული წლების გამოცდილების, ასევე, ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეფექტური კონტრზომები უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია და სისტემატური მიდგომით შედეგს მოიტანს“, – თქვა ვაზაგოვმა.

თავის მხრივ, ალან თიბილოვმა თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს რუსულ მედიასთან ინტეგრაციის პროცესების განვითარებას და რუსეთის საინფორმაციო დღის წესრიგში უფრო ფართოდ ყოფნას.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვიმუშავებთ რუსულ მედიასთან ურთიერთობის განვითარებაზე. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით ეს აუცილებლად გამოვა“, – განაცხადა მან.

თიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელია მაღალი ხარისხის მედიის გარეშე, რომელიც გაავრცელებს ინფორმაციას ქვეყანაზე, მისი საქმიანობისა და იდეოლოგიის შესახებ”.

ალექსანდრე მალკევიჩმა აღნიშნა, რომ კოლექტიური დასავლეთის ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელია სიმკაცრე.

„სამხრეთ ოსეთის ხალხი ისტორიული ჭეშმარიტების მატარებელია, ამიტომ, აუცილებელია მისი კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციისთვის პლატფორმების მოძებნა და არა – დასავლეთის პოზიციის შეცვლაზე  ენერგიის დახარჯვა“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები