კოსაჩოვი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სახელმწიფოს ყველა ნიშანს აკმაყოფილებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე კოსაჩოვი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სახელმწიფოს ყველა ნიშანს აკმაყოფილებს.

ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა.

სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოების აღიარების ნორმები საერთაშორისო სამართალში არ არსებობს, თუმცა, ეს პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად ჩნდება.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში სახელმწიფოების აღიარების საკითხი არა სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, არამედ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე წყდება, როლებიც თავხედურად სპეკულირებენ ამ თემაზე. ცხადია, რომ ნებისმიერი სამართლებრივი განსაზღვრება, მათ შორის, აღიარების საკითხზე, ძირს უთხრის დასავლეთის გეგმებს „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ დაწესებაზე, ქვეყნებისა და კონტინენტების ნეოკოლონიალურ განვითარებაზე“, – წერს კოსაჩოვი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის ნიშნები, დაფიქსირებული იყო მონტევიდეოს კონვენციაში, რომელსაც ხელი მოეწერა 1933 წელს, მაგრამ ის ძალაში არ შევიდა.

კოსაჩოვის თქმით, ამ ნიშნებს შორის არის – მუდმივი მოსახლეობა, ტერიტორია, საკუთარი მთავრობა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის უნარი “და ეს ყველაფერი აფხაზეთს აქვს”.

მისივე თქმით, არსებობს კიდევ ერთი სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც სპეციალურად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის არის შემუშავებული ევროკავშირის მიერ: „აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირის ახალი სახელმწიფოების აღიარების პრინციპები“.

კოსაჩოვი ამბობს, რომ ოკუპირებული ამ დოკუმენტის კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს – გაეროს წესდებასთან შესაბამისობას, საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპის პატივისცემას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას, დემოკრატიას, ეროვნული უმცირესობების უფლებების გარანტიას, ვალდებულებებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, რეგიონალური დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ღირსეული პასუხია დასავლურ „წესებზე დაფუძნებულ წესრიგზე“. ამ შემთხვევაში შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ ერთი წესი – ადამიანთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ასევე თვითგამორკვევისკენ სწრაფვის პატივისცემა, რომელიც ასევე გათვალისწინებულია გაეროს წესდებით“, –  შეაჯამა კოსაჩოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები