გიორგი ფანგანი – „სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) უმსხვილესი ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა. მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებას სემეკი 2026 წელს უმასპინძლებს.
პერუში, ქ. ლიმაში გამართულ ენერგეტიკის რეგულირების მე-8 მსოფლიო ფორუმზე სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ფორუმის მასპინძლობის შესახებ პრეზენტაცია და საინფორმაციო რგოლი წარადგინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მაღალი რანგის დელეგატებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. ფორუმს ესწრებოდა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.
გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ფორუმის მონაწილეებს საქართველოში დაგეგმილი ღონისძიების ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიის განვითარების მნიშვნელობაზე.
„მაღალი კონკურენციის პირობებში, სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა, რაც არის არა მხოლოდ სემეკის, არამედ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დიდი გამარჯვება და სემეკის, როგორც წარმატებული მარეგულირებელი უწყების აღიარება მსოფლიო მასშტაბით. მარეგულირებელ ორგანოებსა და ენერგეტიკის პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ სამართლიანი მიდგომების, კონკურენციის, ინოვაციების ხელშეწყობისა და ენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტების დანერგვაში. შესაბამისად, ყველა ძირითადი მოთამაშის ეფექტური თანამშრომლობა, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნების ენერგეტიკული მიმართულებების მუდმივი განვითარება“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.