იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ
გერმანული დელეგაცია თბილისში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 2022-2025 წლების პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც გასულ წელს ბერლინში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია პენიტენციური სისტემა საქართველოში, რომელიც შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მხრივ ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება ძალზედ ღირებულია.
იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციური სისტემის რეფორმის ახალი ტალღის დაწყებიდან დღემდე საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები: ინფრასტრუქტურული პროექტების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების, მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, თანამშრომელთა და პატიმართა პირობების გაუმჯობესების, პენიტენციური ჯანდაცვის შემდგომი განვითარების, პენიტენციურ სისტემაში IT ინფრასტრუქტურის გაძლიერების და თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის კუთხით.
იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, შეიმუშავა ახალი პენიტენციური სტრატეგია და ახალი პენიტენციური კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომების დახვეწაა. ამასთან, შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, რომელიც აყალიბებს პლატფორმას მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რეინტეგრაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს. პენიტენციურ სისტემაში ახალი და ინოვაციური სერვისი „ონლაინ კლინიკა” დაინერგა, რაც მსჯავრდებულებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე სწრაფ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. დაგეგმილია მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება მცირე ზომის ლაითურის დაწესებულება, დაწყებულია მშენებლობა ქ. რუსთავში. გერმანული მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოში დანერგილი ინოვაციები – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, ონლაინ უნივერსიტეტი და ,,რე-მარკეტი”. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრმა ბენიამინ ლიმბახმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები აშკარად იგრძნობოდა უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს და მისასალმებელია საქართველოს მისწრაფება გაიზიაროს საუკეთესო ევროპული გამოცდილება.