ComCom: 5G აუქციონში გამარჯვებულად „სელფი მობაილი” გამოცხადდა
კომუნიკაციების კომისიამ, მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, N2 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად “სელფი მობაილი” გამოაცხადა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომპანიას 700 მჰც და 3400-3600 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება.
ComCom-ის მიერ დადგენილი პირობების მიხედვით, “სელფი მობაილს” აღნიშნული სიხშირული რესურსით სარგებლობის მოპოვებისთვის გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც მან დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა და გადასახდელმა თანხამ სულ 2 657 445 ლარი შეადგინა. აუქციონის წესების გათვალისწინებით, ლიცენზიის მოსაპოვებლად ოპერატორს განესაზღვრა 1 თვის ვადა, რომლის მანძილზეც მან დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. კომუნიკაციების კომისიამ, 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ ლოტზე გამოაცხადა. აუქციონში კი მონაწილეობა მხოლოდ “სელფიმ” მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ComCom-მა ორი დიდი ოპერატორის, “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მიერ გამოთქმული შენიშვნები აუქციონის პირობებთან დაკავშირებით, სრულად გაითვალისწინა. კერძოდ, თავდაპირველად, მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად, ოპერატორებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, საკუთარ ქსელზე MVNO ოპერატორი დაეშვათ, რისთვისაც კომპანიები დამატებით ფასდაკლებას მიიღებდნენ.
“მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მოთხოვნის საფუძველზე კი, იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ შეფერხებულიყო, ComCom-მა ერთ კომბინირებულ და ორ ცალკემდგომ ლოტზე აუქციონი MVNO ვალდებულების გარეშე გამოაცხადა. საგულისხმოა, რომ ტელეკომ სექტორის 70%-ზე მეტი წილის მფლობელმა ორმა ოპერატორმა, საჯარო სხდომასა და სამუშაო შეხვედრებზე გაცხადებული პირობის მიუხედავად, აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს. 5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.