ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი, ფერნანდო ვილავისენსიო ქვეყნის დედაქალაქ კიტოში, ერთ-ერთ სკოლაში გამართული შეხვედრის შემდეგ მოკლეს.
ამის შესახებ El Universo იტყობინება.
გაზეთის ცნობით, იყო რამდენიმე თავდამსხმელი, უცნობმა პირებმა პოლიტიკოსს სამჯერ თავის არეში ესროლეს. ვილავისენსიო კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს
Expreso-ს ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი მანქანაში ჯდებოდა, ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე ის მუქარის შესახებ აცხადებდა.
ქვეყნის გენერალური პროკურატურის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა და დაიღუპა. მათი თქმით, სროლის დროს სულ ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი და პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატი.
საარჩევნო კამპანია ეკვადორის პრეზიდენტობის ოთხმა კანდიდატმა შეაჩერა.
უკანასკნელი ცნობით, ეკვადორის პრეზიდენტმა, 60 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
59 წლის ვილავისენსიო მოძრაობა Construye-სთვის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 2021-2023 წლებში პოლიტიკოსი პარლამენტში ზედამხედველობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.