თურქეთი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულონ ომი

თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდაზე ომის დასრულების მიზნით.

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს (MGK) შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, კომუნიკაციების დირექტორატმა განაცხადა, რომ ანკარამ ორივე მხარეს მშვიდობისაკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას დაბრუნების მნიშვნელობას, რათა თავიდან აიცილონ პოტენციური სასურსათო კრიზისი ღარიბ ქვეყნებში.

„შავ ზღვაში დაძაბულობის მატება არავის მოუტანს სარგებელს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაასრულონ ომი. მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნება აღკვეთს შესაძლო ნეგატიურ შედეგებს გაჭირვებულ ქვეყნებში და ხელს შეუწყობს სურსათის სტაბილურობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 17 ივლისს რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, რომელსაც ხელი გასული წლის ივლისში თურქეთთან, გაეროსთან და უკრაინასთან ერთად მოაწერა. აღნიშნული შეთანხმება უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას გულისხმობდა, რომლებიც გასული წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იყო შეჩერებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები