დანილოვი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის ამბოხი პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იყო
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში აღიარებული კრიმინალური ორგანიზაციის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხი აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იყო.
„დღეს უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს იყო პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად, რომლებიც არ იყვნენ კარგად განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. არსებობს გათავისუფლებული გენერლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმაა, ზოგიერთს კი უფლებამოსილება შეუჩერეს“, – განაცხადა მან.
დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში შიდაპოლიტიკური ვითარება გაუარესდება.
„უთანხმოება მომავალში გამწვავდება. და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უკვე მოხდება ამ წლის შემოდგომაზე, რადგან იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ესმით, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, ყოველდღიურად იზრდება“, – დასძინა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.