“ამ ადამიანებს ესმით თუ რა საფრთხეს უქმნის მათ სუვერენიტეტს “ვაგნერის” მოწვევა” – ნულანდი ნიგერში მეამბოხეებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი ნიგერში ჩავიდა და იმ სამხედროებს შეხვდა, რომლებმაც მანამდე პრეზიდენტი გადააყენეს. ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მას უარი უთხრეს.
ნიგერის დატოვებამდე ნულანდმა თქვა, რომ სამხედროებთან შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ ის ჯერჯერობით წარუმატებელი იყო, ვინაიდან ვერ მოხერხდა კონსტიტუციურ ჩარჩოში მათ დაბრუნებაზე დათანხმება.
”ეს საუბრები იყო ძალიან გულწრფელი და ზოგჯერ საკმაოდ რთული. ეს იყო პირველი საუბარი, რომელშიც შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა თავისი შეუამავლობა, თუ გადატრიალებაზე პასუხისმგებელ ადამიანებს კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნების სურვილი ექნებათ,” – თქვა მან.
ნულანდი ბრიგადის გენერალ, მუსა სალაუ ბარმუს შეხვდა, რომელიც სამხედრო შტაბის ახალ უფროსად დანიშნეს, ასევე გადატრიალების სხვა ლიდერებს.
ნულანდმა თქვა, რომ სამხედროებს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, ასევე ნათლად აჩვენა აშშ-სთან ურთიერთობის შედეგებზე, თუ ნიგერი არ აღადგენს ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობაზე, ან მეზობელი მალის გზას დაადგება, “ვაგნერთან” თანამშრომლობის ჭრილში.
„იმედი მაქვს, რომ დიპლომატიის კარი ღია იქნება. ჩვენ გავაკეთეთ ასეთი შეთავაზება. ვნახოთ. ადამიანებმა, რომლებმაც ეს ქმედებები განახორციელეს, კარგად იციან, თუ რა საფრთხეს უქმნის მათ სუვერენიტეტს “ვაგნერის” მოწვევა”,- თქვა მან.