RFI: აფრიკის ქვეყნებმა ნიგერში, შესაძლოა 25 ათასი სამხედრო გაგზავნონ
აფრიკის ქვეყნებმა, კერძოდ, ნიგერიამ, სენეგალმა, ბენინმა და კოტ დ’ივუარსმა, ნიგერში, შესაძლოა 25 ათასი სამხედრო გაგზავნონ.
ამის შესახებ რადიოსადგური RFI იტყობინება.
რადიოსადგური ნიგერიელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “ნიგერია ისევ არის მზად იყოს ოპერაციის მამოძრავებელი ძალა. საჭიროების შემთხვევაში, ის უზრუნველყოფს ჯარის ნახევარზე მეტს”.
მანამდე ტელეკომპანია Al-Arabiya-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიგერში მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ უცხო სახელმწიფო მათ ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს. ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი.
გასულ კვირას, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური გაერთიანების (ECOWAS) ქვეყნებმა აჯანყების ლიდერებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ იმ შემთხვევაში თუ თანამდებობაზე პრეზიდენტი, მოჰამედ ბაზუმი არ იქნება აღდგენილი, ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ.
საპასუხოდ, ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ნიგერის შეიარაღებული ძალები მზად არიან დაიცვან ქვეყანა და საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება “ენერგიული და მყისიერი პასუხი”.
ბაზუმი პრეზიდენტის სასახლეში 26 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით გენერალმა აბდურაჰმან ჩიანმა თავი ქვეყნის ახალ ლიდერად გამოაცხადა. სამხედრო გადატრიალება დაგმეს საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, ასევე გაერომ და აშშ-მა.
საფრანგეთმა ასევე შეუჩერა დახმარება ბურკინა-ფასოს, რომლის ხელისუფლებამაც მალისთან ერთად, ამბოხებულებს მხარი დაუჭირა.
6 აგვისტოს გადატრიალების ათასობით მხარდამჭერი გენერალ სეინი კუნჩეს სტადიონზე შეიკრიბა. ბევრი მათგანი რუსულ დროშას აფრიალებდა, თუმცა რუსეთმა ოფიციალურად, გადატრიალება დაგმო.