თემურ მღებრიშვილი: გადაწყვეტილება შესყიდვის შესახებ პროცედურულად დაწყებულია, დეკემბრისთვის უკვე გვეყოლება 3 ნაყიდი ვერტმფრენიდან ერთი

ვერტმფრენების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება პროცედურულად დაწყებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უწყებას დეკემბრისთვის უკვე ეყოლება სამი ნაყიდი ვერტმფრენიდან ერთი, დანარჩენი – წლის განმავლობაში იქნება მოწოდებული.

„რაც შეეხება ამ ყბადაღებულ თემას ვერტმფრენების საკითხზე, რასაკვირველია საუკეთესოა, როცა არსებობს ასეთი აღჭურვილი ვერტმფრენები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე, სტიქიური უბედურების დროს, რა ღონისძიებებიც უნდა შესრულებულიყო, ევაკუაცია თუ სხვა სახის რაიმე ჩართულობა ვერტმფრენის საშუალებით, აბსოლუტურად 100%-ით ყველაფერი შესრულდა.

კარგია უახლესი, სპეციალური აღჭურვილობით ვერტმფრენების ყოლა ქვეყნისთვის – ამაზე არავინ არ დაობს. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილება შესყიდვის შესახებ პროცედურულად დაწყებულია, წლის ბოლოს დეკემბრისთვის უკვე გვეყოლება სამი ნაყიდი ვერტმფრენიდან ერთი, დანარჩენი წლის განმავლობაში იქნება მოწოდებული. ეს არის ის სიახლე, რაც ვერტმფრენებს შეეხება.

არ მინდა რაღაც ისეთ განცხადებებში გადაიზარდოს სტიქიის გარშემო ჩემი საუბარი, მაგრამ დროა უკვე, რომ ეს ყბა დაღებული თემა საბოლოოდ დაიხუროს, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დღეებში, როცა მთელი ქვეყანა გაერთიანებულია ამ სტიქიური უბედურების გარშემო. ცოტა უხერხულიც არის უკვე“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები