როგორ მართეს სლოვენიაში სტიქია – 4 გარდაცვლილი, ჩაძირული სოფლები და 500 მილიონი ევროს ზარალი
სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, რობერტ გოლობის განცხადებით, წყალდიდობამ ქვეყნის ტერიტორიის ორი მესამედი დააზიანა. მთავრობა ზარალს 500 მილიონ ევროზე მეტად აფასებს. ეს ყველაზე დიდი ზიანია, რომელიც სტიქიურმა უბედურებამ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ადრიატიკის ზღვის ქვეყანას მოუტანა.
წყალდიდობამ განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა საგზაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე ასობით სახლი და სხვა ტიპის შენობა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი.
ფოტოები შემთხვევის ადგილიდან გვაჩვენებს ზარალის ზომას… წყალში ჩაძირული სოფლები, განადგურებული საკემპინგე ადგილები, ტალახში ჩარჩენილი მანქანები და საბავშვო სათამაშოებით გადაჭედილი ღობეები… სლოვენიის ზოგიერთ ნაწილში ძირითადი გზები ნაწილობრივ დაკეტილია, მათ შორის, მთავარი მაგისტრალი. ასევე, ჩამოინგრა მრავალი ხიდი და ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ მართონ მანქანა, სანამ ზარალი სრულად არ შეფასდება.
სლოვენიის სოფელ დოლნია ბისტრიცას, დაახლოებით, 500 მაცხოვრებელი ევაკუირებულ იქნა მდინარე მურაზე წყალდიდობისგან დამცავი კაშხლის ჩამოშლის შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმედღიანმა გაუჩერებელმა ძლიერმა წვიმამ და ამ წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ განაპირობა. სამოქალაქო დაცვის მეთაურის, სრეჩკო სესტანის თქმით, მდინარე მურაზე კიდევ ცხრა სოფელი კვლავ საფრთხის ქვეშაა.
ამჟამად ცდილობენ, კაშხლის რამდენიმე მეტრის სიგანის ხვრელი ბეტონის ბლოკებით ამოქოლონ. ჰიდროლოგების აზრით, მურას დონე მატულობს მის ავსტრიულ სათავეებში, გრაცის რეგიონში.
სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები სლოვენიის სხვა რაიონებშიც იწყება. ლუბნო ობ სავინიის მუნიციპალიტეტში, ავსტრიის საზღვართან, მეწყერმა ოთხი სახლი დაანგრია. შაბათს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ დრავოგრადში 110 ადამიანის, მათ შორის, 30 ტურის გადარჩენა მოუხდათ. იქ კიდევ ერთი მეწყერის საშიშროება არსებობს. ამ დროისთვის სამი მდინარე: დრავა, მეზე და მისლინჯა ერთმანეთს ერწყმის.
ბევრი ადამიანი რჩება დროებით თავშესაფრებში. პარასკევს და შაბათს 36 საათის განმავლობაში სამოქალაქო დაცვამ 3700-ზე მეტი ოპერაცია განახორციელა ქვეყნის მასშტაბით. კვირას ღამით 186 პუნქტში 230 ოპერაცია განხორციელდა.
კატასტროფული წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც ბოლო დღეებში მოიცვა სლოვენია, გასული ღამეც არ იყო მთლად მშვიდი. მეხანძრეები ჩაერთნენ წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად 57 შემთხვევაში, ძირითადად, პომურჯესა და კარინტიაში. წყალდიდობა კვლავ გრძელდება, ბევრი გზა კვლავ ჩაკეტილია.
კრანემის მახლობლად, მთაში ორი ჰოლანდიელი, 50 და 20 წლის მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მამა-შვილი არიან. 400 ჰოლანდიელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ბანაკი ძლიერი წყალდიდობის შემდეგ.
Rain and storm in #Slovenia. Regen en storm in #Slovenië. pic.twitter.com/dppeuU94GL
— Marc Witteveen (@marcwitteveen) August 4, 2023
პოლიციის ცნობით, ერთი ქალი გარდაიცვალა ქალაქ კამნიკში, დედაქალაქ ლუბლიანას ჩრდილოეთით 20 კილომეტრში. ასევე, ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქ ლუბლიანაში, მდინარე სავას ნაპირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
პარასკევს რამდენიმე სოფელი უკვე მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს. ზოგიერთ მაცხოვრებელს სასმელი წყალი და საკვები ვერტმფრენით მიაწოდეს, ზოგი ჯარისკაცი ამ ადგილებში ფეხით მისვლას ცდილობდა.