ნიგერში გადატრიალების ლიდერებმა, შესაძლო სამხედრო ინტერვენციის საფრთხის გამო, საჰაერო სივრცე ჩაკეტეს

ნიგერში გადატრიალების ლიდერებმა მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან, შესაძლო სამხედრო ინტერვენციის საფრთხის გამო, ქვეყნის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.

ამის შესახებ ამბოხებულთა განცხადებაშია ნათქვამი.

„ინტერვენციის საფრთხის გამო, რომელიც სულ უფრო ცხადი ხდება მეზობელი ქვეყნების მზადების ფონზე, ნიგერის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა ყველა თვითმფრინავისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

გასულ კვირას, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური გაერთიანების (ECOWAS) ქვეყნებმა აჯანყების ლიდერებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ იმ შემთხვევაში თუ თანამდებობაზე პრეზიდენტი, მოჰამედ ბაზუმი არ იქნება აღდგენილი, ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ.

საპასუხოდ, ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ნიგერის შეიარაღებული ძალები მზად არიან დაიცვან ქვეყანა და საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება “ენერგიული და მყისიერი პასუხი”.

ბაზუმი პრეზიდენტის სასახლეში 26 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით გენერალმა აბდურაჰმან ჩიანმა თავი ქვეყნის ახალ ლიდერად გამოაცხადა. სამხედრო გადატრიალება დაგმეს საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, ასევე გაერომ და აშშ-მა.

საფრანგეთმა ასევე შეუჩერა დახმარება ბურკინა-ფასოს, რომლის ხელისუფლებამაც მალისთან ერთად, ამბოხებულებს მხარი დაუჭირა.

6 აგვისტოს გადატრიალების ათასობით მხარდამჭერი გენერალ სეინი კუნჩეს სტადიონზე შეიკრიბა. ბევრი მათგანი რუსულ დროშას აფრიალებდა, თუმცა რუსეთმა ოფიციალურად, გადატრიალება დაგმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები