“ვაგნერელები” ლიეტუვის საზღვართან ახლოს იმყოფებიან” – გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ “ვაგნერის” დაქირავებულები ქვეყნის საზღვართან ახლოს, ბელარუსში, ​გროდნენსკის რეგიონში იმყოფებიან.

ამის შესახებ მან პოლონეთის პრემიერმინისტრ მატეუშ მორავეცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნაუსედას თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე, ამჟამად, 4000-მდე რუსი დაქირავებული ჯარისკაცი იმყოფება.

„ვაგნერის” მებრძოლთა ნაწილი ჩვენს საზღვართან ახლოსაა, მათ გროდნენსკის რეგიონში პოზიციები დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მდებარეობა ძალიან მოსახერხებელია პროვოკაციებისთვის, როგორც პოლონეთ-ბელარუსის, ისე ლიეტუვა-ბელარუსის საზღვრებზე“, – აღნიშნა მან.

ნაუსედამ დასძინა, რომ ამ კუთხით უკვე მიღებულია ზომები – გაძლიერდა ლიეტუვის საზღვრის დაცვა, მომზადდა და განახლდა საზღვრის დაფარვის გეგმები, მათ შორის არმიის გაძლიერება.

“ჩვენ შეიძლება, განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს ბელარუსში “ვაგნერის” მებრძოლების განზრახვებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია: პუტინისთვისაც და ლუკაშენკოსთვისაც ძალიან დიდი ცდუნება იქნებოდა, არ ისარგებლონ “ვაგნერის” მებრძოლების ყოფნით საზღვართან, ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ, შესაძლო პროვოკაციებისთვის”,- თქვა პოლიტიკოსმა.

ნაუსედამ დასძინა, რომ შესაძლო ზომებს შორის განიხილება ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვა, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა იყოს კოორდინებული პოლონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას შორის.

მისი თქმით, „ვაგნერელთა“ პროვოკაციები რუსეთის ქმედებების ნაწილად განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები