უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ 15 599 დაშავდა.
ამის შესახებ ინტერფაქს-უკრაინასთან ინტერვიუში გენერალური პროკურატურის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ბელუსოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს რიცხვები მოიცავს 499 მოკლულ და 1 090 დაჭრილ ბავშვს.
ამავდროულად, ბელუსოვმა მოყვანილ რიცხვებს “აისბერგის მწვერვალი” უწოდა და დასძინა, რომ ისინი შესაძლოა, რამდენჯერმე გაიზარდოს – მას შემდეგ, რაც უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს დაიბრუნებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ივლისის უახლეს ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ომს 9 369 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
ამავდროულად, ორგანიზაციის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მაღალია, რადგან დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების აღრიცხვა შეუძლებელია.