პაკისტანში, 25 ივნისიდან დღემდე, მუსონური წვიმების შედეგად 189 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი 283-მდე გაიზარდა.
„25 ივნისიდან ქვეყანაში ძლიერი მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეული კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების შედეგად პენჯაბში 69 ადამიანი დაიღუპა, ხეიბერ პახტუნხვაში – 53, სინდში – 21, ბელუჯისტანში – 16, აზად ჯამუ ქაშმირში – 14, ისლამაბადში – 11 და გილგიტ-ბალტიისტანში – 5 ადამიანი“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მუსონური წვიმა უარყოფითად აისახა მთელი ქვეყნის ცხოვრებაზე. წვიმების გამო 622 სახლი მთლიანად განადგურდა, 1 626 ნაწილობრივ დაინგრა, 1 013 ფერმის ცხოველი დაიღუპა.
მუსონური წვიმები პაკისტანს ყოველწლიურად ივნის-სექტემბერში დიდ ზიანს აყენებს.
გასულ წელს ქვეყანაში მუსონური წვიმების შედეგად მომხდარ წყალდიდობას 1 739 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სტიქიამ ქვეყანას 30 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მოუტანა.