ტრამპი აცხადებს, რომ მას 561 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მას შეიძლება 561 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს მას შემდეგ, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) 2020 წლის არჩევნების გაუქმების მცდელობებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც თაღლითი ჯოს [ბაიდენი] კორუმპირებულმა იუსტიციის დეპარტამენტმა უკანონოდ წამიყენა ბრალი, ცნობები მიუთითებენ იმაზე, რომ მემარცხენეების მიერ ორგანიზებული კუდიანებზე ნადირობის გამო, საერთო ჯამში, 561-წლიანი პატიმრობა მემუქრება“, – ნათქვამია ტრამპის წერილში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს – 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მოტყუებით შეცვლის მცდელობაში. ტრამპი ვაშინგტონში, სასამართლოში 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.