უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
როგორც უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, იური ბელუსოვმა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ომის შედეგად დაშავდა 15 599 ადამიანი.
„ჩვენ გვაქვს 10 749 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის და 15 599 დაჭრილის დადასტურებული ინფორმაცია. აქედან 499 დაღუპული ბავშვია, 190 ბავშვი დაშავებულია. ჩვენ გვესმის, რომ ეს რიცხვები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. როდესაც ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, რიცხვი ბევრად გაიზრდება და შესაძლოა, ათჯერაც. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ მარიუპოლში ათიათასობით დაღუპული იქნება“, – განაცხადა ბელუსოვმა.
მანვე დასძინა, რომ სამართალდამცავები ცდილობენ ოკუპანტების ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირებას, თუმცა ეს ადვილი არ იქნება.
„რუსებს შეეძლოთ ხელახლა დაეკრძალათ, გაეტანათ, ცხედრებს კი ჩვენ ვერ ვიპოვით. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები შეიძლება მოხდეს“, – აღნიშნა ბელუსოვმა.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა დაამატა, რომ პარტნიორების წყალობით საიდენტიფიკაციო სისტემა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
„ლაბორატორიების რაოდენობა, დნმ-ის ანალიზის შესაძლებლობა – ეს ახლა შეუდარებელია იმასთან, რაც ადრე გვქონდა“, – აღნიშნა იური ბელუსოვმა.