საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრების სამ კერას ებრძვიან. ამავდროულად, დილიდან ევაკუირებულია ხალხი კუნძულ კორფუს სანაპიროდან, როდოსის აეროპორტი კი, ამ დროისთვის ტურისტებით არის გადავსებული.
ამ დროისთვის 19 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
როდოსი და კორფუ საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ტურისტებისთვის, ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან.
როგორც Sky News დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების საკითხებში უმცროს მინისტრზე, ენდრიუ მიტჩელზე დაყრდნობით იტყობინება, როდოსზე ამჟამად 10 ათასი ბრიტანელი ტურისტი იმყოფება. რაც შეეხება კორფუს კუნძულს, მიტჩელის თქმით, აქ მყოფი ბრიტანელების რიცხვი უცნობია.
მისი თქმით, კუნძულზე სპეციალური ავიარეისები შესრულდება.
ბრიტანულმა easyJet-მა გამოაცხადა, რომ დღეს დამატებით ორ სპეცრეისს შეასრულებს, თუმცა ამ დროისთვის უკვე სრულდება 9 რეისი. ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რომ ხვალ, 25 ივლისს კიდევ ერთ რეისს შეასრულებენ.
Ryanair-მა გუშინ განაცხადა, რომ როდოსში და უკან ფრენები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, ნილ სორაჰანმა თქვა, რომ ავიაკომპანია სიტუაციას აკვირდება.
კორფუს კუნძულიდან 23 ივლისს 59 ადამიანია გაყვანილი.
დღეს, საბერძნეთში ახალი ტემპერატურული რეკორდი დაფიქსირდა – 46 გრადუსი.