რუსეთის მოქალაქეები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში უძრავ ქონებას და მასზე დოკუმენტებს აქტიურად ყიდულობენ, თუმცა, რეალურად, მათ თავად ბინები არ აინტერესებთ.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრე ანდრიუშჩენკომ FREEDOM TV-ს ეთერში თქვა.
მისი განმარტებით, საქმე ისაა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბიუჯეტიდან, იპოთეკის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ და თანხა საკმაოდ სოლიდურია.
“ერთი მხრივ, ეს რთული პრაგმატული ამბავია. მეორე მხრივ, ძალიან მარტივი. ყიდულობენ საბუთებს და არა ბინებს. პლუს იპოთეკა. საქმე ისაა, რომ მარიუპოლში დარეგისტრირებისას მათ უფლება აქვთ, მიიღონ კომპენსაცია რუსეთის ბიუჯეტიდან იპოთეკაში მონაწილეობის შემთხვევაში. ამიტომ ყიდულობენ დოკუმენტებს. კომპენსაციები ძალიან მაღალია, საცხოვრებელი იქ არავის სჭირდება, მაგრამ დოკუმენტებზე დახარჯული თანხის ოდენობა მიღებული კომპენსაციის სანაცვლოდ, საკმაოდ კარგად გამოიყურება, ბიზნესია რა. პარალელურად, მიდის რეკლამა რუსეთში, რომელიც, დაახლოებით, თებერვლიდან გრძელდება და აჩვენებს, თუ როგორ კარგად იქნება ყველაფერი, ოღონდ უცნობია – როდის”, – თქვა მან.
ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, რომ რუსულ საიტებზე მარიუპოლში უძრავი ქონების გაყიდვის ათობით განცხადება გამოჩნდა. ფასი 2-დან 5 მილიონ რუბლამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ოკუპირებულ ქალაქში მშენებლობა ფედერალური სახსრების ხარჯზე მიმდინარეობს.
“ამიტომ, უძრავი ქონება საკმაოდ იაფი და მომგებიანია დეველოპერებისთვის და საკმაოდ მარტივი იმ ადამიანების თვალსაზრისით, რომლებმაც პოტენციურად გადაწყვიტეს მარიუპოლში ცხოვრება”, – ამბობს მერის მრჩეველი.