უკრაინამ შესაძლოა F-16-ის ტიპის თვითმფრინავები მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღოს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ მოიერიშე თვითმფრინავებმა ომის მიმდინარეობა შეცვალონ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ Fox News-ის ეთერში განაცხადა.
„რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ არის არტილერია, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვა და ჯავშანტექნიკა – ტანკები და ოთხივე შემთხვევაში, ჩვენ გავუწიეთ წარმოუდგენელი დახმარება და, გულწრფელად რომ ვთქვათ, უპრეცედენტო სიჩქარით. ეს არის ოთხი პოზიცია, რომელიც მათ სჭირდებათ. თუ გადავხედავთ დახმარების პაკეტებს, როგორიც გუშინ გამოვაცხადეთ – და იქნება კიდევ ერთი უახლოეს დღეებში – ნახავთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ მივცეთ მათ ეს შესაძლებლობები“, – აღნიშნა კირბიმ.
მისი თქმით, უკრაინას ყველაზე მეტად არა თვითმფრინავები, არამედ არტილერია სჭირდება.
„F-16-ები უკრაინას მიეწოდება, ალბათ, წლის ბოლომდე, მაგრამ ჩვენი შეფასებით, მხოლოდ F-16-ები ცვლილებების შეტანას ვერ შეძლებენ. მათ ნამდვილად სჭირდებათ არტილერია. სწორედ ამიტომ მიიღო აშშ-ს პრეზიდენტმა კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის რთული გადაწყვეტილება“, – განაცხადა კირბიმ.