სამხრეთ ევროპაში კვლავ ძალიან მაღალი ტემპერატურაა, ხოლო ტყის ხანძრები ბევრ რაიონში ისევ გრძელდება.
ტყის ხანძრების შესახებ ევროპული საინფორმაციო სისტემის (EFFIS) ცნობით, ხანძრის საშიშროება საბერძნეთსა და შვეიცარიაში, სავარაუდოდ, გაიზრდება.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, სითბური ტალღის გამო, რომელიც ქვეყანას რამდენიმე კვირაა აწუხებს, 27 მსხვილი ქალაქიდან 23-ში „წითელი განგაშია“ გამოცხადებული.
ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ქალაქები – მილანი და ტურინი სიცხის გამო „შუალედური რისკის“ წინაშე დგანან, რომელიც მოხუცებისთვის, ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის რისკის მაქსიმალურ დონეს წარმოადგენს.
იტალიის კუნძულ სარდინიაზე დღეს ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა და ტერიტორიის 80%-ში ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატებოდა.
შვეიცარიაში გუშინ, 18 ივლისს ახალი ტყის ხანძარი ბიტშის მუნიციპალიტეტში გაჩნდა, რომელიც ვალეს რაიონში, იტალიის საზღვართან მდებარეობს. EFFIS-ის ცნობით, ვალეს მასშტაბით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში, ხანძრის საშიშროება დაბალიდან ზომიერამდე არის მოსალოდნელი.
რაც შეეხება საბერძნეთს, როგორც ევროკავშირმა განაცხადა, საერთაშორისო ორგანიზაცია საბერძნეთს ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარებას გაუგზავნის. იტალიის მეხანძრე-მაშველების სამსახურის ორი სახანძრო თვითმფრინავი ათენის ჩრდილო-დასავლეთით არის განლაგებული.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ლიეტუვა პასუხობს საბერძნეთის საერთაშორისო მოწოდებას დახმარებისთვის და ჩვენ მზად ვართ გამოვგზავნოთ მეხანძრეები რაც შეიძლება მალე. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს საგანგებო სიტუაციებში დავეხმაროთ“.