“საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია” – კელი დეგნანი
“საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ეს ამერიკის შეერთებული შტატებია – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და თქვენი ოცნების, იყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ ამ ოცნების ასრულებაში”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა სოციალურ ქსელში მიმდინარე პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.
„საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. მე ვფიქრობ, ეს ვაჩვენეთ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს საქართველოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება. ყველაფერი, რასაც აქ, საქართველოში, ვაკეთებთ, დაკავშირებულია სამ საკვანძო მიზანთან. პირველი, რომ დავეხმაროთ საქართველოს, იყოს უფრო ძლიერი, დაცული, მეტად ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი საზღვრები და შეაკავოს აგრესია ისეთი აგრესიული მეზობლებისგან, როგორიც არის რუსეთი.
მეორე, დაგეხმაროთ, რომ გქონდეთ ეკონომიკური ზრდა, რათა იყოს მეტი შესაძლებლობა, მათ შორის, რეგიონებში და მეტი კეთილდღეობა ყველა ქართველისთვის აქ, ქვეყანაში, რათა ადამიანებმა არ იგრძნონ, რომ მათ უნდა დატოვონ ქვეყანა, რათა ჰქონდეთ კარგი, კეთილდღეობის მქონე მომავალი და უკანასკნელი არის, რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რადგან არსებობს ქართველი ხალხის ცხადი არჩევანი, რომ იცხოვრონ დემოკრატიაში, იყვნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრი, იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.
ყველაფერი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს საქართველოში, დაკავშირებულია ამ სამიდან რომელიმესთან ან ერთდროულად სამივესთან. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საუკეთესო დაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის ძლიერი დემოკრატია.
რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის ძალებში, სანაპირო დაცვასა და სხვა უსაფრთხოების ინსტიტუტებში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როცა გაქვს მყარი დემოკრატია, გყავს ძლიერი საზოგადოება და ჩვენი შეხედულებით, ეს არის საუკეთესო დაცვა ისეთი ავტოკრატიის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია.
მე მაქვს ძალიან პოზიტიური მომავლის რწმენა ამერიკასა დ საქართველოს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს წარმატებისთვის მუშაობას, რადგან გვჯერა საქართველოსი, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და თქვენი ოცნების, იყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ ამ ოცნების ასრულებაში,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.