მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, ვინმეს იმის თქმის საფუძველი ჰქონდეს, რომ ნატოსკენ უკრაინის გზა შემოკლებულია, ხოლო ეს გზა საქართველოსთან მიმართებით არის განსხვავებული
“იმ ფონზე, როცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, არ მგონია, ვინმეს იმის თქმის საფუძველი ჰქონდეს, რომ ნატოსკენ უკრაინის გზა შემოკლებულია, ხოლო ეს გზა საქართველოსთან მიმართ განსხვავებულია. ყველაფერს მომავალი აჩვენებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს არცერთ ხელისუფლებას ისე ცხადად და სერიოზულად არ განუცხადებია მისი ერთგულება ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა მაშინ, როცა ეს ყველაფერი საქართველოს კონსტიტუციაში ასახა.
„ის, რომ უფრო მეტი ყურადღება უკრაინის მიმართ იყო დათმობილი, აბსოლუტურად ლოგიკურია. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხოლო საქართველოში ომი არ მიმდინარეობს, უკრაინასა და საქართველოს ერთნაირი ყურადღება უნდა ჰქონოდა მიპყრობილი, ეს შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ ვის დაუმოკლდა ან არ დაუმოკლდა ნატოსკენ სავალი გზა, მხედველობაშია მისაღები, რომ უკრაინასთან მიმართებით სამი კონკრეტული წინაპირობა დასახელდა, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებები მომავალშია მისაღები – ეს არის უკრაინის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა, პოლიტიკური გადაწყვეტილება და უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოსთან მიმართებით რეფორმების გაგრძელდება ყველასთვის გასაგებია და იმთავითვე ცნობილი ფაქტია. რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას, ესეც ზუსტად იდენტურია – ისეთივე როგორიც უკრაინას აქვს.
საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ისე ცხადად და სერიოზულად არ განუცხადებია მისი ერთგულება ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა მაშინ, როცა ეს ყველაფერი საქართველოს კონსტიტუციაში ასახა. არავის აქვს საფუძველი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით ნაკლებად განმსჭვალულობა დააბრალოს. ოპონენტების კრიტიკა არის შეთხზული და გამოგონილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.