ნატოს სამიტის კომუნიკე: უკრაინის მომავალი ნატოშია, ქვეყანა სულ უფრო მეტად თავსებადი და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან

რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომზე, რომელმაც სერიოზულად შეარყია ევროატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება, – ამის შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, არ შეიძლება რუსეთი დაუსჯელი იყოს ომის დანაშაულებებისთვის და სხვა სისასტიკისთვის, როგორიცაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს უკანონო აგრესიული ომი, შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ რაიმე სახის დახმარება რუსეთის აგრესიას და ვგმობთ ყველას, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ომს. ბელარუსმა და ასევე ირანმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა რუსეთთან და დაუბრუნდეს საერთაშორისო კანონმდებლობას.

რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის უკანონო, გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომზე, რომელმაც სერიოზულად შეარყია ევროატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება, რისთვისაც მას სრული პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. ჩვენ არც ახლა და არც მომავალში არ ვაღიარებთ რუსეთის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიებს, მათ შორის, ყირიმის ანექსიას. არ შეიძლება რუსეთი დაუსჯელი იყოს ომის დანაშაულებებისთვის და სხვა სისასტიკისთვის, როგორიცაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება. ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის, განსაკუთრებით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე. კახოვკას კაშხლის ნგრევა ხაზს უსვამს რუსეთის მიერ დაწყებული ომის სასტიკ შედეგებს. რუსეთის ომმა ღრმა გავლენა მოახდინა გარემოზე, ბირთვულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკაზე და სურსათის უსაფრთხოებაზე, გლობალურ ეკონომიკასა და მილიარდობით ადამიანის კეთილდღეობაზე მთელს მსოფლიოში. მოკავშირეები მუშაობენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და აქტიურად უჭერენ მხარს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად“, – აღნიშნულია სამიტის კომუნიკეში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი ნატოშია და ალიანსი ადასტურებს ვალდებულებას, რომელიც მათ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აიღეს, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი.

„უკრაინის უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოკავშირეებისთვის და ალიანსისთვის. უკრაინის ნატოში შემდგომი ინტეგრაციის მხარდასაჭერად, დღეს ჩვენ შევთანხმდით გაფართოებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელოვან პაკეტზე. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ ნატო-უკრაინის საბჭო, ახალი ერთობლივი ორგანო, სადაც მოკავშირეები და უკრაინა თანაბარი წევრები არიან, რათა წინ წაიწიოს პოლიტიკურმა დიალოგმა, ჩართულობამ, თანამშრომლობამ და უკრაინის ევროატლანტიკურმა მისწრაფებებმა ნატოში გაწევრიანებაზე. ის უზრუნველყოფს ერთობლივ კონსულტაციებს, გადაწყვეტილების მიღებას და აქტივობებს და ასევე იქნება კრიზისული კონსულტაციების მექანიზმი ნატოსა და უკრაინას შორის.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ავიღეთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე“, – ნათქვამია ნატოს სამიტის კომუნიკეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები