გრიგოლ გიორგაძე: მხოლოდ “გირჩი” რჩება, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს თავდაცვის კოდექსს
“აშშ-ის და NATO-ს მხარდაჭერით, გვაქვს შემუშავებული და დამტკიცებული თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა და სწორედ ამისთვის აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. თავდაცვის კოდექსი კი ემსახურება ერთიანი, სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ “გირჩი” რჩება, რომელიც თავდაცვის კოდექსს დისკრედიტაციას უკეთებს.
“ჩვენ ვქმნით სხვადასხვა მოტივაციას – ეს იქნება ანაზღაურების კუთხით, ასევე, სხვადასხვა ფორმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის, რაც ხელს შეუწყობს და მოქნილი იქნება ახალგაზრდებისთვის. მათთვის, ვინც სწავლობს, მუშაობს და ასე შემდეგ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ჯარს კი არ ვავსებთ წვევამდელებით, არამედ პროფესიულ სამხედრო სამსახურს აქვს თავისი მნიშვნელობა და ვაძლიერებთ ამ მიმართულებას, მეორეს მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება აქტიური, მომზადებული რეზერვი. მხოლოდ “გირჩი” რჩება, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს თავდაცვის კოდექსს. ბოროტება და მავნებლობაა, როდესაც თავდაცვის კოდექსს ასეთ იარლიყებს მიაწებებ”,- განაცხადა გიორგაძემ.