“უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა ნატოში „მაპის“ გარეშე გაწევრიანდება.
კობახიძის თქმით, უკრაინის, როგორც ომში მყოფი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები.
„როდესაც დიფერენციაციის საფუძველი არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა – ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები. ამის არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში – 2008 წელს, როცა ჩვენ ვიყავით ომში, მაშინ „მაპიც“ კი არ მოგვანიჭეს. მაშინ იყო ასე. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კარგია რომ დღეს უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ამის არ უნდა შეგვშურდეს და არც შეგვშურდება“, – განაცხადა კობახიძემ.