ვიქტორ დოლიძე: პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვსაჭიროებთ ნატოს მხრიდან, ბურთი ნატოს მხარესაა და ველოდებით ამ გადაწყვეტილების დროულად მიღებას
დღეს მოცემულობა ასეთია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვსაჭიროებთ სწორედ ნატოს მხრიდან, ბურთი ნატოს მხარეს არის და ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ვილნიუსში განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს სამიტზე საქართველოს ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
„ბუნებრივია, ჩვენ როგორც ყოველთვის, აქტიურად ვმონაწილეობთ ამგვარ ღონისძიებებში. საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინის, მოლდოვის, მათ შორის აწ უკვე მოპატიჟებული შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ წარდგნენ თავიანთი კოლეგების წინაშე. ჩვენი ძირითადი აქცენტები, როგორც ყოველთვის, გამახვილებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, რუსეთთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მილიტარიზაციას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და დეოკუპაციის მნიშვნელობას შეეხება და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან წევრობას.
ყოველთვის, ჩვენს ნატოელ კოლეგებს ვახსენებთ იმის თაობაზე, რომ ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატოს სრულფასოვანი წევრობა. დღეს მოცემულობა ასეთია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვსაჭიროებთ სწორედ ნატოს მხრიდან, ბურთი ნატოს მხარეს არის და ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას. იმედი მაქვს, ეს დღე აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.