შალვა პაპუაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ გაითვალისწინა სანდრო რაქვიაშვილის მოთხოვნა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას, კენჭისყრის შედეგის ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე

თუ საკითხს ფორმალურად შევხედავთ, პოლიტიკური ჯგუფის სახელით იაგო ხვიჩიას უნდა მოემართა და არა სანდრო რაქვიაშვილს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, 3 ივლისის კენჭისყრაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ საკითხს ასეთი ლოგიკით მივუდგებით, შეიძლება, ისტორიულად ჩატარებული ნებისმიერი კენჭისყრა ვინმემ კითხვის ქვეშ დააყენოს.

„საპარლამენტო ცხოვრება დაკავშირებულია პროცედურასთან და სხდომის თავმჯდომარეც შეზღუდულია დადგენილი პროცედურით. პროცედურა არის შემდეგი – თუ კენჭისყრის შედეგთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ამ შემთხვევაში, ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს მოტივირებული განცხადებით მიმართონ, რომ მოხდეს საკითხის გადამოწმება. რიგგარეშე სხდომაზე, როცა კენჭისყრა ჩატარდა, სიტყვა მოითხოვა სანდრო რაქვიაშვილმა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ არის. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია იაგო ხვიჩია და თუ საკითხს ფორმალურად შევხედავთ, პოლიტიკური ჯგუფის სახელით იაგო ხვიჩიას უნდა მოემართა. მათ შორის, ამ მომართვის შინაარსობრივი დასაბუთება უნდა ყოფილიყო. ყოველ კენჭისყრაზე 80-90 საკითხი გამოდის. თეორიულად შეიძლება, ყველა კენჭისყრის შემდეგ ვიღაცამ წამოიძახოს და პრეტენზია ჰქონდეს. ამიტომაც არსებობს პროცედურა, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია გასაჩივრება და პოლიტიკური ჯგუფის სახელით მისი თავმჯდომარე საუბრობს და არა – ჯგუფის ყოველი წევრი. როდესაც, როგორც სხდომის თავმჯდომარემ, ვთქვი, რომ რაიმე ისეთი განსაკუთრებული არ ჩანდა, პრეტენზია აღარ გაგრძელებულა და სხდომა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია პროცედურების დაცვა, რადგან საქმე ეხება კანონმდებლობას და არა უბრალოდ გადასაწყვეტ საკითხებს. ვინ იყო და ვინ არ იყო პლენარულ სხდომაზე, ამას უპირველესად კენჭისყრის შედეგები ადგენს და ეს არის ჩვენი მონაცემები, რაც არის. თუ ასე მივუდექით, შეიძლება, ისტორიულად ჩატარებული ნებისმიერი კენჭისყრა ვინმემ კითხვის ქვეშ დააყენოს და დავიწყოთ ამის ძიება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით 3 ივლისის კენჭისყრის თაობაზე პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ.

მანამდე პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები