შალვა პაპუაშვილი – „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლაზე: არიან გარკვეული ჯგუფები თუ აქტორები, რომელთა განცხადებებიც ტოვებს განცდას, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო
ისეთი შეგრძნება მაქვს, არიან გარკვეული ჯგუფები თუ აქტორები, რომელთა განცხადებებიც ისეთ განცდას ტოვებს, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლისის ტბაზე „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ჩაშლას.
მისი თქმით, უპირველესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა და პოლიციამ ამ პრიორიტეტის დაცვა შეძლო.
„რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, [8 ივლისს] დასკვნითი ღონისძიება იყო და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზატორებთან გავლილი ჰქონდა შეთანხმებული გეგმა, ადგილზე მისული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, რადგან კონკრეტული პირების ჯანმრთელობის დაზიანების რისკი მაღალი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ისეთი შეგრძნება მაქვს, არიან გარკვეული ჯგუფები თუ აქტორები, რომელთა განცხადებებიც ისეთ განცდას ტოვებს, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად. არ ვიცი, ამ ჯგუფებს და ამ აქტორებს, ვის განცხადებებსაც ვისმენდით, რა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა პრიორიტეტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსახავს და ეს პრიორიტეტებია, ის რომ უპირველესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა. რა თქმა უნდა, როცა სასწორზე დგას ადამიანის ჯანმრთელობა შეკრების თავისუფლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც და პოლიციაც, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა გარდა იმისა, რომ ადამიანების ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა და წინ დაეყენებინა. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი მხრივ, არავინ დაზიანებულა, მეორე მხრივ, კონტაქტამდეც არ მიიყვანა საქმე პოლიციამ და ამის უზრუნველყოფა შეძლო, ამიტომ ამ მთავარი პრიორიტეტის დაცვა პოლიციამ შეძლო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.