არჩილ თალაკვაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია და ნატოს წევრობას იმსახურებს
საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი და ნატოს წევრობას იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით, საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაში რჩება.
„ნატოს არაერთხელ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და წლების განმავლობაში საქართველო არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წვლილის შემტანი სახელმწიფოა ნატოს საერთაშორისო მისიებში, მათ შორის, მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მშვიდობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას. საქართველო რჩება სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით და ჩვენ მოველით, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ უკვე ახლად დაგეგმილ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით გაჟღერდება ახალი, უფრო ძლიერი და მკაფიო გზავნილები, ვინაიდან ჩვენ, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე თავდაცვის სისტემის რეფორმირების ერთ- ერთი სამაგალითო ვართ ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის. შეგახსენებთ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩატარდა ნატოს ყველაზე დიდი და ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები, სადაც მონაწილეობდა ნატოს წევრი არაერთი ქვეყანა. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი და იმსახურებს იმ ოჯახის წევრობას, რასაც ჰქვია ნატო. გარდა ამისა, იცით, რომ ჩვენ კონსტიტუციაში ავსახეთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის არჩევანი, საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.