დავით სონღულაშვილი – საქართველო ამიერიდან ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში ასოცირებული წევრია, ამასთან, მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთხმად მიღებისთვის
“ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის მუშაობა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა, ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა გენერალურმა მდივანმა ბრუნო ფუქსმა და ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა შეაჯამეს.
„თბილისში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. ჩვენთვის, როგორც სტუმართმოყვარე და ფრანგული კულტურისა თუ ტრადიციების პატივისმცემელი ერისთვის, ნამდვილად ამაღელვებელი ერთი კვირა იყო. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დიდია ფრანგული კულტურის, განათლების თუ არქიტექტურის გავლენა, რომელიც დღემდე გრძელდება და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილეები დღეს აქ ვიმყოფებით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების თანამონაწილეებიც გავხდით”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო 48-ე სესია, სადაც გადაწყვეტილება ოფიციალურად იქნა მიღებული და ამიერიდან ასამბლეაში საქართველო ასოცირებული წევრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
„დარწმუნებული ვარ, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გაგვიხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთო ღირებულებების მდგრად განვითარებასა და ხელშეწყობაში, კულტურულ მრავალფეროვნებასა და დემოკრატიის მშენებლობაში, ფრანგულ ენაზე განათლების მიღების გავრცელებასა და თანამშრომლობის გაფართოებაში”, – განაცხადა დეპუტატმა.
ასამბლეის პრეზიდენტის, ფრანსის დრუენის განმარტებით, ეს იყო ასამბლეის პირველი ღონისძიება, რომელიც გაიმართა იმ ქვეყანაში, სადაც ფრანგული არც საპარლამენტო და არც ოფიციალური ენა არ არის.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა დამატებითი ღირებულება მისცეს იმ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს ჩვენსა და ფრანკოფონულ სამყაროს შორის. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს პარლამენტს და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რაოდენ მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კულტურათა დიალოგი. მე ძალიან ბევრი რამე გავიგე საქართველოს შესახებ. ჩვენ სიამოვნებით დავრბრუნდებით აქ”, – აღნიშნა ფრანსის დრუენმა.
ასამბლეის მუშაობა შეაჯამა საპარლამენტო საქმეთა გენერალურმა მდივანმა ბრუნო ფუქსმაც, რომელმააც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ღირსეულად ჩატარდა.
„საქართველოს პარლამენტი არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსოფლიოს ბევრი აქტორები საქართველოს არ იცნობენ.
ბევრი მიმართულებით, საქართველოში გაცილებით უფრო წინ არიან ვიდრე საფრანგეთში. თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ შესთავაზოთ ევროპას. ჩვენც ბევრ რამეს ვისწავლით თქვენგან. საქართველოსვის და ასევე, ჩვენი ორგანიზაციისთვის ამ ღონისძიების თბილისში ჩატარება როგორც გეოპოლიტიკური ასევე, მეგობრული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, – განაცხადა ბრუნო ფუქსმა.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წარმომადგენლებს როგორც სხდომების საქართველოში ჩატარებისთვის ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთხმად მიღებისთვის.
„ჩვენ, ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავედით, სადაც საერთოდ სხვა შესაძლებლობების ფანჯარა შეიძლება გავხსნათ ერთობლივი მუშაობით, რადგან ფრანკოფონია – ეს არის ერთიანობა და მხარდაჭერა, თანამშრომლობა და მეგობრობა წარმატებისთვის. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია შედგა! დიდი მადლობა ყველას ჩამობრძანებისთვის და ასეთი მხარდაჭერისთვის!”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.