საქართველოს თავდაცვის მინისტრი SAAB-ის პრეზიდენტს შეხვდა
შვედეთში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს მართავს. ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანიის, SAAB-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ იოჰანსონს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი ცნობილი მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან თავდაცვის მინისტრმა სამომავლო შესყიდვების საკითხები განიხილა.
საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებსაც. შვედეთში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრ პოლ იონსონს, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრ კარლ-ოსკარ ბოჰლინს და შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.