ComCom-ის მედიააკადემიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის მასტერკლასი დაიწყო

ComCom-ის მედიააკადემიის “მასტერკლასს”, კიდევ ერთი ონლაინ ლექციების სერია დაემატა, რომლის ავტორი, მედიამენეჯერი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილია.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მასტერკლასი 5 ონლაინ ლექციას მოიცავს და ორგანიზაციული მენეჯმენტით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ავტორი საკუთარ ლექციებში დეტალურად მიმოიხილავს თანამედროვე მენეჯმენტის საბაზისო პრინციპებს, ორგანიზაციული მართვის გამოწვევებს მენეჯერებისთვის, მისიისა და ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვის ვერტიკალს, ასევე, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შედეგის მისაღწევად გასათვალისწინებელ რჩევებს გვაწვდის. კომუნიკაციების კომისიის “მასტერკლასს”, თინათინ ბერძენიშვილთან ერთად, უკვე ათი ავტორი ჰყავს. მათ შორის: ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.

“შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს უკვე ორი წელია, ონლაინ მასტერკლასით აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. მასტერკლასის ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან ჯამურად ორ მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები