ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში” ცვლილებაზე იმსჯელეს
საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, კოდექსს ემატება თავი, რომელიც განსაზღვრავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან, ასევე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დაჩქარებულ ადმინისტრაციულ წარმოებას. დაჩქარებული ადმინისტრაციულ წარმოება გულისხმობს სარჩელის, კერძო საჩივრის და საჩივრის შეტანის, ასევე სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემჭიდროებულ ვადებს და დაჩქარებული საქმისწარმოების სხვადასხვა საპროცესო ღონისძიებების გამოყენებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ვადის გასვლისთანავე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლები. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს.