ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით, თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრესკონფერენციას გამართა, სადაც ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა.
ირაკლი კობახიძემ მეორე პრიორიტეტზე დეტალურად ისაუბრა.
„ვეცდები მაქსიმალურად ლაკონიურად წარმოგიდგინოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ შესრულდა 12 რეკომენდაციის თითოეული პუნქტი. დავიწყებ შეგნებულად მეორე პრიორიტეტით, ბოლოსთვის მოვიტოვებ ბოლო პრიორიტეტს, რაც არის დეპოლარიზაცია. მეორე პრიორიტეტი უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლებას, რაც მოიცავდა რამდენიმე ასპექტს. პირველი იყო საპარლამენტო ზედამხედველობა და პირველ რიგში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი უკავშირდებოდა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ ჩვენი გეგმა. საბოლოო ჯამში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიზანი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. ზოგადად ამ მიმართულებით გვქონდა ჩვენ ისედაც ხელშესახები პროგრესი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია 2018 წელს, თუმცა დამატებით დაიხვეწა რეგლამენტის კონკრეტული ნორმები. დეტალებში არ გავყვები კონკრეტულ ცვლილებებს, მაგრამ მაგალითად ინტერპელაციის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა. თქვენ გახსოვთ, წლების განმავლობაში არც პრემიერები, არც მინისტრები არ მოდიოდნენ პარლამენტში იმისათვის, რომ წარმოედგინათ ანგარიშები პარლამენტის, საზოგადოების წინაშე. დღევანდელი მოცემულობით, თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ან წარადგინოს მთავრობის ზოგადი ანგარიში. ყოველთვიურია უკვე ეს ინტერპელაციები რაც არის შემოღებული რეგლამენტის დონეზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ოპოზიცია ხელში. თუ ოპოზიცია შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, რა თქმა უნდა, მისთვის არის გზა ხსნილი. მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში. მაგალითად ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა, ერთ დღეში ერთზე მეტი მინისტრის საათის გამართვა არის დაუშვებელი. საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები. მაგალითად დაზუსტდა ვადები, რაც დაკავშირებულია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მოწვევასთან კომიტეტის სხდომაზე, ასევე დადგინდა პროაქტიული ანგარიშგების წესი. კომიტეტი ვალდებულია პროაქტიულად წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია“, – აღნიშნა კობახიძემ.