თენგიზ შარმანაშვილი: პრეზიდენტის შენიშვნა მოტივირებულად არ შემიძლია, ჩავთვალო არც იურიდიული, არც პრაგმატული და არც პოლიტიკური თვალსაზრისით
„ღირს თუ არა პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარება? იმთავითვე უნდა ვთქვა, რომ არა. თუნდაც ერთი შანსი მაინც რომ არსებობდეს, რომ ამ შენიშვნების გაზიარების შემდეგ ეს კანონი სრულფასოვნად იფუნქციონირებს, მართლაც დავფიქრდებოდი – მართლაც ხომ არ გაგვეზიარებინა პრეზიდენტის არგუმენტები და ეს ექსპერიმენტი, რომელიც ვერ შედგა, გაგვეგრძელებინა”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, არცერთი არგუმენტი არ დარჩა საიმისოდ, რომ ექსპერიმენტი გააგრძელონ.
„არცერთი არგუმენტი არ არსებობს, არც მოლოდინი, მოლოდინი რომ არ არსებობს დაიწყო იქიდან, საიდანაც ეს იდეა მოვიდა – შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით განხორციელდა საქართველოში, მას ხელი არ მოაწერეს თვითონ ჩვენმა ოპონენტებმა. ანუ იმაზე, რასაც ახლა ჩვენ გვესაუბრებიან, რომ მისი ერთგული იყავითო, ისიც კი არ გაიზიარეს, არათუ ერთი ერთზე რამე შეთანხმება ყოფილა შესაძლებელი. ევროკავშირის მედიაციით რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმაზეც კი უარი განაცხადეს, რომ ხელი მოეწერათ. არის რამე შანსი რომ ოპოზიცია კონსტრუქციულად დაგიჯდება მედიაციის გარეშე და რაღაცაზე დაგელაპარაკება? ნულოვანი შანსია. ეს ხომ იმთავითვე ვიცოდით. წავედით ამ ექსპერიმენტზე. ამიტომ, ასეთ პირობებში ეს შენიშვნა მოტივირებულად მე არ შემიძლია ჩავთვალო, არც იურიდიული, არც პრაგმატული თვალსაზრისით, არც პოლიტიკური. არცერთი არგუმენტი არ მაქვს და ვერც ვერავისგან მოვისმინე. რომ ეს წარუმატებელი ექსპერიმენტი უნდა გავაგრძელოთ. მე მჯერა, რომ ამ წარუმატებელ ექსპერიმენტს არ გავაგრძელებთ და დღეს ჩვენ კენჭისყრით დავძლევთ ამ შენიშვნებს და ჩვეულებრივ კალაპოტში დავაბრუნებთ იმას, რაც მიღებულია მთელ ევროპაში, ის რაც მიღებულია კონსტიტუციური მართვის პრინციპებიდან გამომდინარე და გაზიარებულია მთელი ევროპისთვის. ამ კალაპოტში დავბრუნდებით და მომავალში შევეცდებით, რომ ასეთი წარუმატებელი ექსპერიმენტები აღარ განვახორციელოთ”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.