სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების თაობაზე კონფერენცია გაიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების თაობაზე კონფერენცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია მიზნად ისახავდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებული ინიციატივების და ჩატარებული რეფორმების შეფასებას, ასევე ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების განხილვას.

კონფერენციის მონაწილეებმა, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. განიხილეს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების სტანდარტები.
საუბარი შეეხო, ასევე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის, ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელმა კრისტოფ პუარელიმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ გახსნეს.
კონფერენციის ფარგლებში სამი პანელური დისკუსია გაიმართა. პირველი პანელი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხს დაეთმო.
პირველი სესიის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მთავარი მიღწევები, გამოწვევები და შედეგები გააცნო. პრეზენტაციაში მან ხაზი გაუსვა იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, სამსახურმა განახორციელა. ეს ეხება მოქალაქეებისთვის სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის უფლების მინიჭებას, ასევე პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დამატებითი გარანტიების შექმნის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით, დაცვის სპეციალური პროგრამის დანერგვას. კოკა კაციტაძემ თავის გამოსვლაში სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებზე და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების საკითხს, სადაც სამსახურის გაძლიერების და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში, 2462 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 495 საქმეზე დაიწყო, ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების შედეგად 74 პირი ამხილა, რომელთა მიმართაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან 31 საჯარო მოხელე, ხოლო 43 მოქალაქე იყო. გამოსვლაში ხაზი გაესვა სამსახურის სწრაფ რეაგირებას ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების პროცესში, ერთი წლის განმავლობაში, გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ. თითოეულ ამ საქმეზე მოხდა მედიის და საზოგადოების დროული და ამომწურავი ინფორმირება, ხოლო დაზარალებული ჟურნალისტები სრულად იყვნენ ჩართული საგამოძიებო პროცესში. კონფერენციაზე, ევროპის საბჭოს კონსულტანტმა ბესარიონ ბოხაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრატეგიის დოკუმენტის – ევროპის საბჭოსგან მიღებული უკუკავშირის და სამსახურის 2023-2028 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. მეორე პანელი მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებას და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებებში მოწმეთა დაცვის საკითხს მიეძღვნა. სესიაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე პრეზენტაცია წარადგინა. ასევე, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამოძიებაში მსხვერპლის ეფექტური მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დეპარტამენტის, განყოფილების უფროსმა ტატიანა კოჟოკარუმ გამართა. ხოლო, მესამე პანელურ სესიაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი ფუნქციის – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების საკითხზე ისაუბრეს, სადაც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან ცხომელიძემ, ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მინისტრთა კომიტეტის პრაქტიკის გათვალისწინებით დაწყებული ახალი გამოძიებების სტანდარტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
პანელურ დისკუსიებში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გულუაშვილმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიკოლაიშვილმა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორმა თამარ ონიანმა. ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის – ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში” ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები