კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.
პარლამენტის ინფორმაციით, დიმიტრი ჯაფარიძის და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია კომიტეტების წევრებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო.
კანდიდატებმა კი ისაუბრეს საკუთარ ხედვასა და პრიორიტეტებზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
„ჩვენ კანდიდატების კომპეტენციასთან არანაირი შეკითხვა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, პრეზიდენტი და პარლამენტი უნდა შეთანხმდნენ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მისაღები. პრეზიდენტს აქვს კანდიდატის წარმოდგენის და ჩვენ-დამტკიცების უფლება და თუ საკითხი უნდა გადაწყდეს, უნდა მოხდეს კონსულტაცია”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.