კადიროვი პრიგოჟინის აჯანყებას გამოეხმაურა: „ღალატი“ და „ზურგში დანა“

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის ქმედებები არის „ღალატი“, „ზურგში დანა“ და „ნამდვილი სამხედრო აჯანყება“. მან დასძინა, რომ მისი მებრძოლები მზად არიან დაეხმარონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრიგოჟინის აჯანყების ჩახშობაში.

„მეგობრებო, ღამე რთული გამოდგა და გადაფრენების გამო დრო არ მომეცა აქ ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა ამ საზიზღარ ღალატთან დაკავშირებით! ყველაფერი, რაც ხდება, არის ზურგში დანის ჩარტყმა და ნამდვილი სამხედრო ამბოხი! მე სრულად ვუჭერ მხარს ვლადიმირ პუტინის თითოეულ სიტყვას! მივმართავ მებრძოლებს – სამშობლოს პატრიოტებს. არ დაემორჩილოთ პროვოკაციებს. რა მიზნებიც არ უნდა დახატონ შენთვის, რა დაპირებებიც არ უნდა გითხრან – ასეთ მომენტში სახელმწიფოს უსაფრთხოება და რუსული საზოგადოების ერთიანობა ყველაფერზე მაღლა დგას! ნახეთ, როგორ სარგებლობენ ჩვენი დასავლური მტრები ამ ვითარებით.  რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ მიმართვა, რომელიც აშინებს ჩვენს მოქალაქეებს, ქმნის დესტაბილიზაციის საშიშროებას. და ეს არის პრიგოჟინის მოღალატური ლაშქრობის მოსალოდნელი შედეგები.

ის, რაც ხდება, არ არის ულტიმატუმი თავდაცვის სამინისტროს წინაშე. ეს არის გამოწვევა სახელმწიფოსთვის და ამ გამოწვევის წინააღმდეგ აუცილებელია ეროვნული ლიდერის ირგვლივ გაერთიანება: სამხედროების, უსაფრთხოების ძალების, გუბერნატორებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის“, – აცხადებს კადიროვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები