„ბრიტანული შინაური ცხოველების ხოცვა“ – რატომ დახოცეს ადამიანებმა ნებაყოფლობით 750 ათასი კატა და ძაღლი

შიში, აურზაური, პანიკა, მასობრივი ისტერია… ეს ყველაფერი ომის მუდმივი თანამგზავრია. როცა გაზეთები აპოკალიფსის მოახლოებაზე საუბრობენ და სავარაუდო მსხვერპლთა რიცხვი მილიონებს აღწევს, ძნელია ფხიზელი გონების შენარჩუნება და რაციონალურად აზროვნება. თუმცა, რაც ბრიტანეთში 1939 წელს მოხდა, ყველა საზღვარს სცილდება. ერთ თვეზე ნაკლებ დროში დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებმა, საკუთარი ხელით, 750 000 შინაური ცხოველი გაანადგურეს. ეს მოვლენა ისტორიაში შევიდა, როგორც „ბრიტანული შინაური ცხოველების ხოცვა“. რატომ მოკლეს მფლობელებმა ნებაყოფლობით მათი შინაური ცხოველები?

1939 წელს, ომის დაწყებამდე ბრიტანეთის მთავრობამ შექმნა სპეციალური კომიტეტი საჰაერო თავდასხმებისგან ცხოველების დასაცავად. ორგანიზაციის ამოცანა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა გახლდათ. კერძოდ, მათ უნდა დაედგინათ, რა უნდა გაეკეთებინათ კატებსა და ძაღლებთან ომის დაწყებისას, რადგან საკვები,  პირველყოვლისა, ადამიანებს  დასჭირდებოდათ.

მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ საკვების არსებული მარაგი ყველასთვის საკმარისი არ იქნებოდა. თუ ადამიანები თავიანთ რაციონს  შინაურ ცხოველებს გაუზიარებენ, ისინი თავად დასუსტდებოდნენ, ხოლო თუ შინაური ცხოველები იძულებულნი გახდებოდნენ, თავად მოეპოვებინებათ საკუთარი თავისთვის საკვები, ეს ქუჩებში მაწანწალა ცხოველების „არმიის“ გამოჩენას გამოიწვევდა. კომიტეტი რთული დილემის წინაშე დადგა. შემდეგ NARPAC-მა გამოსცა ბროშურა, რომელშიც შინაური ცხოველების მფლობელებს ურჩევდნენ, ომის დროს თავიანთი ცხოველები სოფლად წაეყვანათ ან … დაეხოცათ. უფრო მეტიც, ბროშურაში ჩამოთვლილი იყო „მოკვლის საუკეთესო გზები“, რომელთა შორის ყველაზე ჰუმანურად პისტოლეტიდან გასროლა გამოიყურებოდა.

როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო, 1939 წლის 1-ელ სექტემბერს შინაური ცხოველების ბევრი მფლობელი სასწრაფოდ მივიდა ვეტერინარულ კლინიკებში, რათა დაეძინებინათ მათი ცხოველები. სულ რაღაც ერთ კვირაში, პატრონების ნებაყოფლობით, 400 ათასზე მეტი კატა და ძაღლი მოკლეს. ვეტერინარული საავადმყოფოები, ფაქტობრივად, სავსე იყო შინაური ცხოველების სხეულებით. მთავრობას ცალკე ტერიტორიის გამოყოფაც კი მოუწია, რომელიც კატებისა და ძაღლების სამარხად გამოიყენებოდა. გაზეთი Times წერდა, რომ პატრონების მიერ მოსაკლავად მოყვანილი შინაური ცხოველების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. ცხოველთა მიმართ სისასტიკის პრევენციის მიზნით, სამეფო საზოგადოებას ჯარიმების გაზრდაც კი მოუწია, ხოლო კლინიკებმა დაამატეს პერსონალი გაზრდილ დატვირთვასთან გასამკლავებლად.

აღსანიშნავია, რომ ყველაფერი თავად მოქალაქეების ნებით მოხდა. იმ დროს ბრიტანეთის ტერიტორიაზე არცერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა. ხალხი მასობრივი შიმშილის პერსპექტივას უშინდებოდა, თუმცა მთავრობა არ იღებდა გადაწყვეტილებებს შინაური ცხოველების ევთანაზიის აუცილებლობის შესახებ. ხელისუფლება მხოლოდ რეკომენდაციებს აქვეყნებდა. როდესაც საჰაერო თავდასხმები დაიწყო 1940 წლის სექტემბერში, „ბრიტანული ცხოველების ხოცვის“ მეორე წამოვიდა. ამჯერად მსხვერპლთა რაოდენობა შინაურ შემცირდა. მასობრივი მკვლელობების პირველი „აფეთქების“ შემდეგ ადამიანები წერილებს წერდნენ გაზეთებს, სადაც იცავდნენ ცხოველების არსებობის უფლებას.

ცხოველთა დაცვის არაერთი ორგანიზაცია და პირი ცდილობდა, ოთხფეხა მეგობრები სიკვდილისგან გადაერჩინა. მათ პატრონების მიერ მიტოვებული ცხოველები წაიყვანეს. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შინაური ცხოველების ბევრმა მფლობელმა მოინანია მომხდარი. მათ ხელისუფლება პროპაგანდასა და მასობრივი ისტერიის პროვოცირებაში დაადანაშაულეს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მთავრობას არ შემოუღია ცხოველთა სავალდებულო განადგურების რეგულაციები – მხოლოდ რეკომენდაციები. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ შინაური ცხოველებისთვის, მხოლოდ მათ მფლობელზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, საკვებისა და წყლის ნაკლებობის შიშის წინაშე ადამიანებმა დაკარგეს კრიტიკული აზროვნების უნარი და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სწორ საქმეს აკეთებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები